ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გეიბლ სტივესონი ამერიკულ რადიოგადაცემაში გენო პეტრიაშვილთან დრამატულ გამარჯვებაზე ისაუბრა. 21 წლის სპორტსმენის განცხადებით, ქართველი ფალავანი ბოლო წამებზე განცდილი მარცხით ძალიან გულგატეხილი.
“ჩვენი ორთაბრძოლა ამერიკულ მთებს ჰგავდა. თავდაპირველად მე ვიგებდი, შემდეგ კი, შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე 5:8 ჩამოვრჩი. სწორედ ამ დროს გავიფიქრე, რომ მე ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლისთვის არ ვიყავი ჩასული. მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ ნახევარი წუთი მრჩებოდა, ამიტომაც სიჩქარეებს მოვუმატე და ყველაფერი გამომივიდა. ვფიქრობ, ყველაფერი ჩემმა სწორმა აზროვნებამ და გულით მოქმედებამ განაპირობა. გენო წაგებამ ძალიან გაანაწყენა, მაგრად გულგატეხილი იყო, გასახდელში სხვადასხვა საგნებს ისროდა და ყველაფერს მუშტებს ურტყამდა. მისი სრულიად მესმის, ოლიმპიადის მოსაგებად ლამის მთელი ცხოვრება ემზადები და უცბად ასეთი რამ როდესაც გემართება, ძნელი გადასატანია. თუმცა, ჭიდაობა ასეთია. წაგება მეც ძალიან არ მინდოდა“.
შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილისა და სტივესონი ერთმანეთს თავისუფალი სტილით ჭიდაობის მძიმე წონით კატეგორიაში (125 კგ.) დაუპირისპირდნენ. ამერიკელი მოჭიდავე ქართველს ბრძოლის დასრულებამდე 13 წამით ადრე 3 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა, გადამწყვეტი ილეთი ზუსტად ბოლო წამზე მიითვალა და საბოლოოდ, 10:8 მოიგო.








