თითქმის წელიწადზე მეტია, პანდემიის გამო, ტრიბუნები იძულებით დაცარიელდა, მაგრამ ფეხბურთი ხომ გულშემატკივრების გარეშე მაინც არაფერია. არიან, ფანატიკოსი ქომაგებიც, რომლებსაც ხანდახან საკუთარი გუნდის წარმატებაზე მეტად, მოსისხლე მტრის წარუმატებლობა ახარებს.
რურის დერბი გერმანიაში ერთ-ერთი გამორჩეულია. „დორტმუნდის“ და „შალკეს“ ჯახები ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთ რიგით ტურის მატჩად არ აღიქმება. ამ ორი გუნდის ქომაგებისთვის ის ფეხბურთზე მეტს ნიშნავს.
მთლად „დორტმუნდი“ „შალკესავით“ არა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ გელზერკინხენელების და „ბოხუმის“ დაპირისპირებებსაც. ეს უკანასკნელიც რურის რეგიონს ეკუთვნის.
ჰოდა, „ბოხუმის“ ერთ-ერთი თავგადაკლული გულშემატკივარი ბოლო პერიოდში ძალიან ბედნიერია და ეს მისი გუნდის წარმატებას იმდენად არ უკავშირდება, რამდენადაც „შალკეს“ დაძაბუნებას. ის ქალაქის და რეგიონის ქუჩებში საკუთარი მანქანით სიამაყით გადაადგილდება და უკანა სავარძელზე ადამიანის ჩონჩხი უზის, რომელსაც „შალკეს“ მაისური აცვია და ხელბორკილები ადევს.
„ბოხუმის“ გულშემატკივარი ამით „შალკეს“ დასცინის, რომელსაც მიმდინარე სეზონში სერიოზული პრობლემები აქვს და დიდი ალბათობით მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება არ ასცდება. „ბოხუმი“ კი პირიქით, ბუნდესლიგაში აღზევების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.





