ევროპის ჩემპიონატზე ვერა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს ამხანაგურად კი გაეჯიბრება. ალბათ შეხსენება საჭირო არ არის, რომ კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის შემთხვევაში ჯვაროსნები ჯგუფში მესამე მატჩს სწორედ ფრანკ დე ბურის შეგირდებთან გამართავდნენ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამას წინათ გააჟღერა, რომ ივნისის თვეში მეორე ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთ გრანდთან გამართავდა. იყო მითქმა-მოთქმა თითქოს ეს ბელგია იქნებოდა. რომელუ ლუკაკუ და კომპანია არა, მაგრამ მეორე ბენილუქსის ქვეყნის გუნდი კი შეირჩა.
მოკლედ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ 6 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი ნიდერლანდების ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. მანამდე კი ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება.





