აბა, რად უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ყოველთვის ითვლებოდა არა მხოლოდ ამა თუ იმ შესარჩევი ტურნირის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ერთ-ერთ ფავორიტად და გულშემატკივრებიც მისგან მხოლოდ მწვერვალზე ყოფნას ითხოვენ.
არის შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვან ტურნირს ტონუსში და ფორმის პიკზე დიდი გუნდებიც ვერ ხვდებიან, რაც პირენეელებს დაემართათ კიდეც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და მუნდიალს ნაადრევი ეტაპიდან სენსაციურად გამოეთიშნენ, თუმცა ის უკვე წარსულია, ხოლო მომავალი სანაკრებო ბატალიები მარტიდან იწყება, როდესაც „ყატარი 2022“-ის შესარჩევი ეტაპი დაიწყება.
7 დეკემბრის წილისყრის შემდეგ, რა თქმა უნდა ყურადღება მედიასაც გაფაციცებული ჰქონდა და შეფასებებიც გააკეთეს. თავისთავად, ჩვენ ინტერესს B ჯგუფში მოხვედრილი გუნდების ქვეყნის ჟურნალ-გაზეთები თუ ინტერნეტ პორტალები იწვევს. უმთავრესად კი ესპანური მედია.
აი, რას ფიქრობს მსოფლიოში ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca, რომელმაც ჯგუფის მეტოქეები სიძლიერის მიხედვით დაახარისხა და რა გასაკვირია, რომ ჯვაროსნებს დაბალი ნიშნული ერგოთ.
„ჩვენი გუნდი საქართველოს ნაკრებს აქამდე 3-ჯერ ეთამაშა და მარტივი არცერთი ყოფილა. ერთხელ სულაც დავმარცხდით. განვლილი შეხვედრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო რთული გუნდია, თუმცა ხარისხში საკმაოდ მოიკოჭლებენ. ადრე გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავდათ, თუნდაც კალაძე და არველაძე. ეს გუნდი, ძველთან ახლოსაც ვერ მივა.
წლევანდელ ერთა ლიგაზეც მაღლა ვერ აინაცვლეს და ისევ მესამე დივიზიონში დარჩნენ, რასაც ვერც პროგრესს ვუწოდებთ და ვერც განსაკუთრებულ ჩავარდნას“ – წერენ ჩვენი ესპანელი კოლეგები.
2016 წელს, მადრიდში, ამხანაგურ მატჩში საქართველოს მიერ ესპანელების დამარცხება (1:0) ქომაგებს ალბათ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. იმედია, ქართველი ფეხბურთელები ლუის ენრიკეს გუნდს და კომპანიას მომავალ შესარჩევ ციკლშიც გააოცებენ.





