საფეხბურთო სამყარო გულშემატკივარს ახალი ინოვაციური და ერთი შეხედვით დაუჯერებელი იდეებით აოცებს, რომელსაც განხორციელება არ უწერია ან ძალზედ მცირე პერსპექტივა აქვს.
ერთ-ერთი ასეთი მსოფლიო ჩემპიონატის ნაცვლად ოთხისა, ორ წელიწადში გამართვაა, რომელიც ფიფაში მოუვიდათ თავში, თუმცა ჯერ ბუნებრივია რაიმე ქმედითი ან კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.
ფეხბურთის ქომაგებისთვის მსგავსი გრანდიოზული ფორუმების ხშირად ხილვა ცუდი არ არის და ალბათ ბევრი ამ აზრს მიესალმება კიდეც, თუმცა მეორეს მხრივ არაერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია, რასაც კარგად გათვლა და სწორად დალაგება სჭირდება.
მუნდიალების ორ წელიწადში ერთხელ გამართვა ნიშნავს იმას, რომ ის ევროპის ჩემპიონატის წელს დაემთხვევა. ერთ ზაფხულს ორი მსგავსი ტურნირის ჩატარება კი მართლაც რომ უტოპიურია.
უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამ იდეას ირაციონალურს უწოდებს და მის განხორციელებას გამორიცხავს.
„2022 წლის ყატარის მუნდიალის შემდეგ, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს არის დაგეგმილი. რა გამოდის? ამის შემდეგ ის 2028 წელს უნდა გაიმართოს? ეს ხომ გამორიცხულია. რა ვუყოთ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც სწორედაც რომ 2028 წელს იქნება?
თუ ასე მოხდა და ფიფამ ეს მართლა განახორციელა, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატებზე ევროპული გუნდები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. სამხრეთ ამერიკულ გუნდებსაც თავისი კონტინენტის ჩემპიონატი ექნებათ. ვინღა დარჩა?
ამიტომაც, ეს ირაციონალური იდეაა და მას განხორციელება არ უწერია. ვინმე თუ არგუმენტირებულად ამიხსნის და დამარწმუნებს მის სისწორეში მზად ვარ მოვუსმინო.
წარმოიდგინეთ, ფეხბურთელებისთვის ყოველ წელს ერთ თვიანი ტურნირის თამაში მისაღები იქნება? უკვე ისედაც გადატვირთული კალენდარია.
ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ხრიკია, რომელსაც რეალური მხარდაჭერა არ აქვს“ – ამბობს უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი.






