ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) რეპეშაჟში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან 5:7 დამარცხდა.
ქართველი მოჭიდავე გამარჯვებასთან ახლოს იყო. ელიზბარმა ბოლო წამზე მეტოქე თითქოს პარტერში გადაიყვანა, მაგრამ ჩელენჯის დროს გამოჩნდა, რომ ეს არ მომხდარა და ოდიკაძემ ბრძოლა 5:7 დათმო.
32 წლის ქართველმა მოჭიდავემ, რომელიც მსოფლიოსა და ევრიოპის ჩემპიონატების პრიზიორია, ტოკიოში გამოსვლა 6 აგვისტოს დაიწყო. 1/8-ფინალში მან ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი 6:3 დაამარცხა, ხოლო 1/4-ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრთან, აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ტოკიოში მოპოვებული 8 მედალია: 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.





