არც ისე შორეულ წარსულში, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი საუკეთესო ფორმაში იყო და რეიტინგის ოცეულშიც დამაჯერებლად იმყოფებოდა, ტოპ ჩოგბურთელებთანაც ტოლ-სწორად თამაშობდა, ახლა კი ეს ის ნიკა აღარ არის.
სამწუხაროდ, ქართველმა მეჩოგნემ შარშანდელი სეზონი მთლიანად ჩააგდო. ვიცით, რომ ამას ობიექტური ახსნაც აქვს, თუმცა ადრე თუ გვიან მან ეს ფსიქოლოგიური სტრესი უნდა გადალახოს და დიდი იმედი გვაქვს რომ ასეც მოხდება.
ანტალიაში მიმდინარე 250-იანი კატეგორიის ტურნირზე, ჩვენებურმა ორი ეტაპი კი გადალახა და მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა ნამდვილი გამოცდა ნახევარფინალში გადასასვლელ მატჩში ელოდა, რადგან დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის ორი მეტოქე მათ ამჟამინდელი დონით საზომად ვერ გამოდგებოდნენ.
ალექს დე მინაური კი სხვა საქმე იყო. ახალგაზრდა ავსტრალიელი ჩოგბურთელი, რომელიც პროგრესს განიცდის და ამჟამად მსოფლიოს 23-ე ჩოგანია. როგორც თავში ვთქვით, ორი წლის წინ წყვილის ფავორიტი ჩვენებური იქნებოდა, ახლა კი პირიქით იყო და გამარჯვებასაც ავსტრალიელს უწინასწარმეტყველებდნენ.
სამწუხაროდ პროგნოზები გამართლდა. დე მინაურმა ბასილაშვილს ორ სეტში – 6:2, 6:4 მოუგო და ნახევარფინალშიც ის გავიდა.
ავსტრალიის ღია პირველობამდე კიდევ რამდენიმე ტურნირია. იმედია ნიკოლოზ ბასილაშვილი ოპტიმალურ ფორმას მალე დაიბრუნებს.



