შარშანდელი ჩაგდებული სეზონის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლეულს მძლავრად დაიწყო. 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი ერთბაშად რამდენიმე ტურნირით გაიხსნა, ქართველმა ჩოგბურთელმა კი თურქეთში წასვლა და ანტალიის 250-იანი კატეგორიის შეჯიბრში მონაწილეობა არჩია.
ერთეულთა თანრიგში სასტარტო მატჩის მოგების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილებშიც იყოჩაღა. ქართველი მეჩოგნის მეწყვილე 36 წლის ვეტერანი გერმანელი ანდრე ბეგემანია. ეს სახელი და გვარი ბევრს არაფერს გვეუბნება, თუმცა ჩვენებურს კორტზე კარგად შეუწყვილდა. ქართულ-გერმანულმა წყვილმა, აკოენ-ტურკერის მასპინძელთა დუეტი – 6:2, 6:3 დაამარცხეს და მომდევნო წრეში გავიდნენ.
მეორე ეტაპზე, ბასილაშვილ-ბეგემანის წყვილი მეკტიჩ-პავიჩის ხორვატულ დუეტს დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში თურქ ალთუგ ცელიკბილეკს შეხვდება.





