თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამარჯვება შეაფასა.
სპეციალისტის კომენტარს თბილისური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს:
„ვფიქრობ, მოსკოვის ლოკომოტივთან მატჩში, ტაქტიკური თვალსაზრით, რაც დაგეგმილი გვქონდა, უმეტესი ნაწილი გამოგვივიდა. ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის თამაში დაცვით ფაზაში და შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპონენტში, გეგმა 100 პროცენტით შევასრულეთ.
რაც შეეხება დიდი ანგარიშით მოგებას, ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ეს მოსამზადებელი ეტაპია და ჩვენ წაგება-მოგებაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. აქ სხვა მიზნით ვართ და მივყვებით ჩვენს გეგმას.
მოსკოველებთან მატჩით, აქაური მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი დავასრულეთ, ძირითადი რაოდენობის თამაშები ვითამაშეთ და ეს ყველაფერი, დიდი დატვირთვების, ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ჩავატარეთ. ახლა, ნელ-ნელა დატვირთვებს მოვხსნით და გადავალთ მომზადების ტაქტიკურ ნაწილზე, რომ თამაშის ხარისხი ავამაღლოთ და გუნდი თანაბრად ძლიერი იყოს როგორც დაცვით, ისე შემტევ ნაწილში“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.
თბილისის ლოკომოტივმა რუსეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი გაანადგურა (VIDEO)





