პორტუგალიასთან მატჩის გამარჯვების შემდეგ (16:29), საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„დაგეგმილი 5 ქულა ავიღეთ. მართალია, პერიოდულად ნერვიულობები იყო, მაგრამ ეს გამოწვეული იყო შეცდომებით. ჩვენ ვთქვით კიდეც თამაშის წინ, რომ ერთა თასზე ექსპერიმენტებს მივმართავდით. საერთო ჯამში შედგა ორი ახალგაზრდა მოთამაშის დებიუტი, გაკეთდა ბევრი ცვლილება და ის დასახული მიზანი, რაც იყო თამაშის მოგება ბონუსით, ამ მიზანს მივაღწიეთ. მატჩის დებიუტში შეტევის კარგი შესაძლებლობები იყო, ჩვენ არ ვზღუდავთ გუნდს 22-მეტრიანიდან შეტევებში და კარგადაც შევუტიეთ, თუმცა როდესაც ვერ ვასრულებთ ამ პროცესს, ამის შემდეგ გადაწყობა და თამაშის მართვა მნიშვნელოვანია ნახევარდაცვის მიერ. მოხდა ისე, რომ დისციპლინაში თავიდანვე ემოციური შეცდომები დავუშვით და ყვითლით გაგვიგდეს მოთამაშე. ამან საბოლოო ჯამში წნეხში მოგვაქცია და ამის გამო შევცვალეთ ტაქტიკა. ისეთ პროცესზე გადავედით, რაშიც დომინაცია გვქონდა. ეს იყო შეჯგუფებები და მოლი. საბოლოოდ ეს უპირატესობა გამოვიყენეთ“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.
„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას 14 მარტს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა კვლავ სტუმრად ჩატარდება.





