„ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ წინ ორი ფინალი ელოდათ“ – ეს სიტყვები, გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ, „საბურთალოსთან თრილერში 4:3 მოგების შემდეგ თქვა. მეორე ფინალი კი გორელებს თბილისის „ლოკომოტივთან“ ელოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ჩემპიონის ვინაობა ირკვეოდა, მთავარ ინტრიგად მაინც „ლოკომოტივის“ და „დილას“ ჯახი მიიჩნეოდა, რადგან „დინამოს“ რომ ტიტულს ვეღარავინ შეეცილებოდა იმთავითვე ნათელი გახლდათ.
გიორგი ჭიაბრიშვილი თუ გიორგი ნემსაძე? ვინ აჯობებდა და რომლის გაწვრთილი გუნდი მოიპოვებდა ევროპის ლიგის ბოლო საგზურს. სასწორზე მართლაც რომ მსუყე ლუკმა იდო.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გამო, „ლოკომოტივს“ რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, ხოლო გორელები ამ პრინციპულ დაპირისპირებას თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდნენ.
მატჩი საკმაოდ თვალსასეირო საყურებელი გამოდგა. მოედნის საფრის საშინელი მდგომარეობის მიუხედავად, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ლაღი ფეხბურთი გააჩაღეს. პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და მაისაშვილის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, ხოლო შესვენების შემდეგ კოვტალიუკმა პენალტი გამოიყენა და „დილა“ სოლიდური უპირატესობით დააწინაურა. „ლოკომოტივმა“ ყურები მაინც არ ჩამოყარა, მითუფრო რომ არბიტრმა ჭიაბრიშვილის გუნდი კაცნაკლული დატოვა. თბილისელებმა რაც შეძლეს სიხარულიძის გოლი იყო და საბოლოოდ „დილამ“ 2:1 იმარჯვა.
ამრიგად, გორის „დილა“ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენ ქვეყანას ევროთასებზე კვლავ წარადგენს. გორელებმა, არსებობის ისტორიაში მეოთხედ შეძლეს ეროვნულ ჩემპიონატში სამეულში შესვლა, ხოლო ერთხელ სულაც ჩემპიონობა იზეიმეს.
მოკლედ, მომდევნო ევროსეზონში, საქართველოდან ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამო“, ხოლო ევროპა ლიგაზე „ბათუმი“,„ გაგრა“ და „დილა“ ითამაშებენ.





