ფეხბურთის ღმერთის მოულოდნელმა გარდაცვალებამ არა მხოლოდ არგენტინა, მთელი მსოფლიო შეძრა და დაამწუხრა. ლეგენდარული არგენტინელი ათიანის საპატივცემულოდ, სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი ღონისძიება იმართება.
დიეგოს გარდაცვალება ბუნებრივია, ყველაზე მეტად მის სამშობლოში განიცადეს. მარადონას ცხედარი 3 დღე ქვეყნის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ესვენა და სამოქალაქო პანაშვიდზე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. მარადონა, არგენტინელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის კერპი გახლდათ და ამიტომაც რა გასაკვირია, რომ მთავრობამ მის კიდევ ერთხელ დასაფასებლად ახალი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. არგენტინაში დიეგო მარადონას ფულზე გამოსახავენ და ის 10 000-იან პესოზე იქნება დატანებული. ამ ეტაპზე, არგენტინაში ყველაზე მაღალი კუპიურა 1000 პესოა.

დიზაინი უკვე არჩეულია. კუპიურის შუაში თავად მარადონა იქნება გამოსახული, მარცხნივ კი 1986 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის თასი, რომლის მოპოვებაშიც დიეგომ უდიდესი წვლილი შეიტანა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ოფიციალურად ახალი კუპიურა ხელმისაწვდომი.
ისე, ამა თუ იმ ფეხბურთელის ფულის კუპიურაზე გამოსახვა პირველი პრეცენდენტი არ იქნება. 2006 წელს, ლეგენდარული ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელის ჯორჯ ბესტის გარდაცვალების შემდეგ, ფეხბურთელის სამშობლოში ერთი მილიონი 5 ფუნტიანი კუპიურა დაიბეჭდა.








