წლეულს დაარსებული ATP თასის გათამაშება სულ უფრო და უფრო მეტ პრესტიჟულობას იძენს. პრინციპში, პოპულარობა მას არც იანვარში აკლდა, როდესაც ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქებში ამ ტურნირის დებიუტი შედგა და მასში 24 ნაკრები მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოც.
უკვე გაუწყეთ, რომ სამწუხაროდ მომდევნო გათამაშებაში ჩვენი ნაკრები ამ მნიშვნელოვან ტურნირზე ვეღარ ითამაშებს, რადგან მონაწილე გუნდების რაოდენობაც განახევრდა და ესეც რომ არ იყოს, ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში ისე დაქვეითდა, რომ მისი ამჟამინდელი პოზიცია ამის საშუალებას არ იძლევა.
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ 1-5 თებერვალს, მელბურნში, ATP თასის გათამაშებაში დიდი სამეული – ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ითამაშებენ. მათ ეს ოფიციალურად დაადასტურეს. ასევე გაირკვა ყველა ნაკრების ვინაობა, რომლებიც მწვანე კონტინეტზე ამ პრესტიჟული ტიტულისთვის იბრძოლებენ.
მასპინძელი ავსტრალია, მოქმედი ჩემპიონი სერბეთი. ასევე ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრია, არგენტინა და გერმანია.
მოკლედ, სამეფო სპორტის მოყვარულთ წინ დიდი ბატალიები ელით.








