უეფას ხელმძღვანელობა პორტუგალიის ქალაქ პორტუშია შეკრებილი, სადაც 29 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა გაიმართოს.
მანამდე კი ევროპული ფეხბურთის ბოსებმა სხვადასხვა სახის მსჯელობები გამართეს, კერძოდ კი უეფას საშეჯიბრო კომიტეტის სხდომა შედგა, სადაც მეტად მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროთასებზე სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმებას.
წესს, რომელიც 1965 წლიდან მოქმედებს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. მაგალითად, ახლო წარსულში „ლივერპულის“ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ უეფა დიდ შეცდომას დაუშვებს თუ სტუმრად გატანილ გოლს უგულებელყოფს.
„ევროთასები გაცილებით სანახაობრივი და საინტერესოა. ამიტომაც უეფას დიდი შეცდომა და არასწორი ნაბიჯი იქნება თუ ამ წესს გააუქმებს. სტუმრად გატანილი გოლის ფაქტორი დაპირისპირებებს გაცილებით დაძაბულს ხდის“ – წერს კარაგერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
მართალია, უეფას საშეჯიბრო კომიტეტმა მხარი ამ წესის გაუქმებას კი დაუჭირა, თუმცა იმისთვის რომ მან აღარ იმოქმედოს საამისოდ აღმასრულებელი კომიტეტის ბეჭედია საჭირო.








