ამასაც მოვესწარით. პირველად, 2003 წლის შემდეგ, დიადები მასტერსის გარეშე დარჩნენ. ამ ფაქტს ახსნაც შეიძლება მოვუძებნოთ. 2020 წელმა ხომ თავი უმთავრესად პანდემიით დაგვამახსოვრა და არა სპორტული ბატალიებით, თუმცა შემოკლებულ საჩოგბურთო სეზონში გარკვეული რაოდენობის მასტერსების გამართვა მაინც მოესწრო და გამარჯვებულთა ჩამონათვალში როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი რომ არ ფიგურირებენ ცოტა არ იყოს გვეუცნაურება.
ისე, შედარებაზე თუ მიდგა საქმე, მაშინ ესპანელ მატადორს გაცილებით უკეთესი წელი ჰქონდა, ვიდრე რკინის როჯერს. ნადალმა დიდი სლემის მოგება მაინც შეძლო და ალბათ შეხსენებაც არ არის საჭირო რომელი, ბულონის ტყეში რაფა შეუდარებელი იყო და როლან გაროსის თასი მეცამეტედ ჩაიხუტა, მანამდე კი აკაპულკოს 500-იანი კატეგორიის ტურნირზეც იჩემპიონა. აი, როჯერი კი წლეულს სულ უტიტულოდ დარჩა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ავსტრალიის ღია პირველობის გარდა არსად უთამაშია. მელბურნის კორტებზე კი შვეიცარიელმა ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.
ნიშანდობლივია, რომ როჯერთან მიმართებაში ერთი საინტერესო რეკორდიც შეწყდა. პირველად, ბოლო 20 წლის მანძილზე საჩოგბურთო სეზონი ისე დასრულდა, ფედერერი ATP-ის ტურნირის ფინალში რომ არ გასულა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, როჯერ ფედერერმა წლეულს უქმობა გადაწყვიტა და მიზეზიც ეს არის, თორემ არა გვგონია სეზონი რომ სრული დატვირთვით ჩაეტარებინა, რომელიმე შეჯიბრის მინიმუმ ფინალში გასვლა ვერ მოეხერხებინა.
მოკლედ, 2020 წელი მალე გაივლის, რომელიც იმედია არაერთი საინტერესო მოვლენით იქნება დახუნძლული. როჯერ ფედერერიც, 2021 წლის სეზონის დაწყებას ავსტრალიის ღია პირველობით გეგმავს.








