UFC-ის ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
“უკრაინის შესახებ ამბებს ყოველდღე გულაჩქარებული ვკითხულობ. ბავშვობაში, სანამ საცხოვრებლად შვედეთში გადმოვიდოდი, უკრაინაში ბევრჯერ ვყოფილვარ. ულამაზეს უკრაინულ ქალაქ ოდესაში სასწავლებლად წასვლას ვაპირებდი, ასე რომ, ეს კონფლიქტი ჩემთან ძალიან ახლოსაა.
სრულად მესმის ადამიანების პოზიცია, რომლებიც დასავლურ სამყაროს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იქ დიდი ხანია, აიგნორებენ იმ საშინელ სიტუაციას, რომელიც წლების მანძილზე სირიაში, ერაყში, პალესტინაში, იემენში, მიანმარსა და სხვა ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში დგას, თუმცა უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ. დიახ, ვეთანხმები, უკრაინელ და სირიელ ბავშვს შორის სხვაობა არ არის, მათ ცრემლებს ერთი და იმავე წონა აქვს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც-ვიღაცები მოკლულ და ლტოლვილ ადამიანებს კანის ფერისა და რელიგიით განასხვავებენ, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელებთან მიმართებით ჩუმად უნდა ვიყოთ.
საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ სოციალურ ქსელებში ბევრს არ ვწერ. ასე რომ, ადამიანი, რომელიც ირიბად მაინც ჩართული ვარ ამ ამბებში, არ შემიძლია ჩუმად ვიყო. მსურს და ვალდებული ვარ, უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოვუცხადო, როგორც სხვა ჩაგრული ხალხის მიმართ გამოვხატავ თანადგომას, განურჩევლად რელიგიისა და კანის ფერისა.
ქართველები უკრაინელების გვერდით ვდგავართ და რაც იქ ხდება, გამოვლილი გვაქვს.ქართველები უკრაინელების გვერდით ვდგავართ. უკრაინელი ქალები შვილებს ტყვიების ქვეშ აჩენენ, ჩვენი დედებიც ასე იყვნენ. დღესაც ძნელად წარმოვიდგენ, რომ დედაჩემმა 1992 წელს სიბნელეში გამაჩინა, საავადმყოფოში, რომლის ფანჯრებსაც ესროდნენ”, – განაცხადა ქუთათელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, რამაც მთელი მსოფლიოს აღშფოთება და დიდი სანქციები გამოიწვია.








