ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ტრაგიკულად გარდაცვლილ ქართველ მოციგავეს, ნოდარ ქუმარიტაშვილს 33 წელი შეუსრულდებოდა.
2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადებით, ტრაგედია მოციგავის შეცდომას მოჰყვა და არა ტრასის გაუმართაობას. ქუმარიტაშვილმა მე-15 მოსახვევიდან გამოსვლა დააგვიანა და მომდევნოში სწორად შესვლა ვერ შეძლო. ამის გამო ყველა მცდელობის მიუხედავად, ციგის მართვა დაკარგა, – ნათქვამია ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIL) ერთობლივ განცხადებაში.
17 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი, რომლითაც სპორტსმენი გერმანიის ქალაქ მიუნჰენიდან გადმოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 04.00 საათზე დაეშვა[2]. 20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.
ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა.








