წყალტუბოს „სამგურალმა“, რომელიც უმაღლეს ლიგას 18 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია. უჩა სოსიაშვილის გუნდმა, ზედიზედ ნათამაშები 3 ფრის შემდეგ, საკუთარ მოედანზე გორის „დილასთან“ 1:2 წააგო.
წყალტუბოელებმა ანგარიში გახსნეს და პირველი ტაიმიც მოიგეს. მატჩის დებიუტში თავი შალვა ბურჯანაძემ გამოიჩინა და თავისი გუნდი დააწინაურა. თითქოს საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ „სამგურალი“ წაუგებელ სერიას გააგრძელებდა, თუმცა მეორე ტაიმში ვითარება სტუმართა სასარგებლოდ შეიცვალა.
66-ე წუთზე, გორელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვანდერსონმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე, „დილას“ კიდევ ერთმა უცხოელმა ფეხბურთელმა გვინეელმა უსმან კამარამ მეტოქის კარი მეორედ აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, გორელები ოთხი ტურის შემდეგ კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 10 ქულით სატურნირო ცხრილს ბათუმთან ერთად ლიდერობენ.
მომდევნო ტურში „დილა“ 21 მარტს „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო „სამგურალი“ სტუმრად ქობულეთის „შუქურასთან“ ითამაშებს.





