საქართველოში საფეხბურთო სეზონი სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩით გაიხსნა, სადაც ერთმანეთს ეროვნული ლიგის ჩემპიონი, ბათუმის “დინამო” და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი, “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. მატჩში გამარჯვება ბათუმურმა კლუბმა მოახერხა და ისტორიაში მეორედ საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.
პირველ ტაიმში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, უფრო სახიფათოდ კი აჭარლები უტევდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში თორნიკე გაფრინდაშვილის ჩაწოდებული ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ხელზე მოხვდა, რაც მომენტის გამეორებაზეც თვალნათლივ სჩანდა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა ეპიზოდი კარგად ვერ დაინახა და პენალტი არ დანიშნა. კიდევ ერთი სახიფათო მომენტი, ისევ ბათუმელებს ჰქონდათ. ამჯერად ოლექსანდრ აზაცკის თავით დარტყმული კარს მცირედით აცდა.
მეორე ნახევარი შედარებით კარგ ტემპში წარიმართა. ბათუმის “დინამო” საგრძნობლად დიდ უპირატესობას ფლობდა. პირველი სახიფათო მომენტი 55-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდის ჰქონდა, რომელმაც ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კარში ზუსტად ვეღარ დაარტყა. შემდეგი სახიფათო დარტყმა 60-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა შექმნა, თუმცა მას ოთო გოშაძემ აჯობა. ზუსტად ერთ წუთში გაფრინდაშვილმა მორიგი გასროლა განახორციელა, მაგრამ დარტყმული მეტოქის კარს მცირედით აცდა. უკვე 69-ე წუთზე “საბურთალოც” გააქტიურდა და პირველი სახიფათო მომენტიც შექმნეს. გიორგი ჯგერენაიამ საჯარიმოს გარედან უზუსტესად გაისროლა, თუმცა ლაზარე კუპატაძე ყურადღებით იყო და ურთულესი დარტყმის მოგერიება მოახერხა.
ბოლო 15 წუთში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ბურთს ორივე გუნდი თანაბრად ფლობდა, მაგრამ მომენტები საერთოდ არ იქნებოდა.
დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა. შესაბამისად გამარჯვებულის ვინაობის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერია დაინიშნა, სადაც ბათუმის “დინამომ” 7-6 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ლაზარე კუპატაძემ სამი პენალტი აიღო და მატჩის გმირი გახდა.





