11 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნით შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმი არენაზე შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
დღეს, ჩვენი გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა სასტუმრო შერატონში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
„რაც შეეხება წინა მატჩებს, მთავარია კოსოვოსთან რა სულისკვეთებაც იყო, ასეთი შემართება და მონდომება იყოს მომავალშიც. მიმაჩნია, რომ იყო შესაძლებლობა, კოსოვოსთან ცოტა სხვაგვარად მოვმზადებულიყავით, ეს უფრო განწყობას შეეხება და ამ ნაკრებთან ჩვენს მოლოდინებს უკავშირდებოდა. მათ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც სხვანაირად დავხვდით, ვიდრე საჭირო იყო. შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიც არის, რომ გუნდს ვერ ვუთხარი, რა გუნდთან საქმე. კარგად ვერ ვითამაშეთ საბერძნეთთანაც, მაგრამ კოსოვოსთან გამოჩნდა, რომ შეგვიძლია ბოლომდე დავიხარჯოთ, ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინოთ და შედეგი ვაჩვენოთ. ჩვენ არ გვყავს მესი და ნეიმარი, მაგრამ გვაქვს გული და მონდომება, რომლითაც შეგვიძლია მეტოქეებს დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა სანიოლმა.





