ინგლისის სარაგბო კლუბ გლოსთერში გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მორაგბემ გიორგი კვესელაძემ პირველი კომენტარი გააკეთა.
ახალგაზრდა ბოჯრღალოსანი Rugby.ge-ს ესაუბრა.
„შემოდგომის ერთა თასის შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მქონდა. ჩემმა აგენტმა „გლოსთერთან“ დამაკავშირა, რამაც ძალიან გამახარა და 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გუნდია ჩემი განვითარებისთვის. დიდი ალბათობით, ახალ გუნდს შობამდე შევუერთდები.
„ჩემთვის ძალიან საამაყოა ასეთი ისტორიის მქონე გუნდში თამაში. კარგად ვიცნობ მის წარსულს და გახარებული ვარ, რომ მეძლევა შანსი, გავხდე „გლოსთერის“ წევრი. ამავდროულად, ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევები იწყება“ – ამბობს გიორგი, რომელსაც უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ახალ მწვრთნელებთან:
„მათ მითხრეს, რომ სჭირდებათ ისეთი მოთამაშე, როგორიც ვიყავი „შემოდგომის ერთა თასზე“.
შემოდგომის ერთა თასზე კვესელაძე საიმედო იყო, ხოლო განსაკუთრებულად კარგი თამაში ირლანდიასთან ჩაატარა, სადაც ულამაზესი ლელო გაიტანა და 17 ბოჭვა შეასრულა:
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა თამაში დავთმეთ, შემოდგომის ერთა თასი მაინც ნაყოფიერი იყო. ნაკრებმა, როგორც გუნდმა, უდიდესი გამოცდილება შეიძინა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ასეთ გუნდებთან ხშირი თამაში, რათა კიდევ უფრო გავიზარდოთ და წინ წავიდეთ“.
„პირადად მე, ამ თამაშებმა დამანახა, თუ რაზე მაქვს მეტი სამუშაო“, – განაცხადა კვესელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის მორაგბემ „გლოსთერისთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.








