ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს შეხვდება. რობერტო მანჩინიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას გუნდის კაპიტანი ჯორჯო კიელინიც ახლდა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაში უწევთ, მანჩინი მიიჩნევს, რომ იტალიას ლონდონში გამარჯვება შეუძლია.
რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): “თურქეთთან პირველი თამაში იყო და ამიტომ, რთული გახლდათ, მაგრამ ეს ფინალია და განსხვავებულია. არ ვარ აჟიტირებული, შეიძლება ხვალ ვიყო. ეს მომენტი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ იმ კმაყოფილების გრძნობას, რაც როგორც ფეხბურთელს იტალიის ნაკრებში არ მქონია.
ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ. ჩვენი აზრები მხოლოდ ამას უნდა უკავშირდებოდეს. “უემბლიზე” თამაში? სავსე სტადიონი ფეხბურთის მოყვარულებისთვის საოცარი რამ არის, მითუმეტეს იმ პერიოდში, რომელშიც ვიყავით და ვართ. შესაძლოა, თამაშის დროს მხოლოდ ინგლისელი ფანების ხმა ისმოდეს, მაგრამ ვიმედოვნებ, მატჩის შემდეგ მხოლოდ ჩვენი გულშემატკივრების ხმასაც გავიგებთ.
ინგლისი ძლიერია, ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს სათადარიგო სკამზეც. თუმცა, ჩვენ აქ ვართ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც ძლიერები ვართ. რაჰიმ სტერლინგი ძალიან სწრაფია, დაცვით ფაზაში ყურადღება დაგვჭირდება, მაგრამ მის გარდა, ვინც მარჯვნივ ითამაშებს და ჰარი კეინი ძლიერები არიან. მათ დიდებული შეტევის ხაზი ჰყავთ.
იტალია 11 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა? იმედი მაქვს, რომ ეს თარიღი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეორედ გახდება. მშვიდად უნდა ვიყოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ყურადღება ჩვენს თამაშს უნდა მივაქციოთ. უნდა ვისიამოვნოთ, ეს ბოლო მატჩია. 50 დღეა ერთად ვართ და გუნდში განწყობა ყოველთვის პოზიტიური იყო. თავდამსხმელების თამაშით ბედნიერი ვარ. მათ 100%-ზე მეტი გაიღეს”.








