მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩი სერბეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის უხვგოლიანთან და დაძაბულთან ერთად, სკანდალურიც გამოდგა.
პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები სოლიდური სხვაობით 2:0 იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ეს უპირატესობა გაფლანგეს და სერბებმაც ანგარიში 15 წუთში გაათანაბრეს.

სტუმრებს გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება მაინც შეეძლოთ, თუმცა მატჩის მიწურულს, მატჩის გვერდითმა არბიტრმა კრიშტიანუ რონალდუს სუფთა გოლი არ ჩაუთვალა. შეგახსენებთ, უეფა და ფიფა შესარჩევი ეტაპის მატჩებში ვიდეორეფერის არ იყენებენ, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ შესაძლოა სერიოზულად დაფიქრდნენ.
მატჩის შემდეგ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი აღშფოთებას ვერ ფარავდა.
„პორტუგალიისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ნაკრების კაპიტნობა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი და უდიდესი სიამაყე.
სამწუხაროდ, რთული მომენტებიც არსებობს, ისეთ როგორც დღეს მოხდა. ჩემს ერს ზიანი მიაყენეს“ – თქვა კრიშტიანო რონალდუმ მატჩის შემდეგ.





