უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატი რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ მე-16 ტურში „უიპეშტს“ ესტუმრა და დიდი სხვაობით, 0:5 დაამარცხა.
საუცხოო მატჩი ჩაატარა ბუდუ ზივზივაძემ. ქართველმა ფორვარდმა ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრა ბუდუს უნგრულ კარიერაში საუკეთესო იყო.
მე-7 წუთზე ზივზივაძემ თანაგუნდელი, ფუშმო ბამგოი მეკარესთან პირისპირ დატოვა და გოლი გაატანინა. მე-20 წუთზე ქართველის დარტყმული მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კვლავ ბანგოიმ იყოჩაღა და მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. 54-ე წუთზე მასპინძლებს გოლი უკვე ბუდუ ზივზივაძემ გაუტანა, 61-ე წუთზე კი აქტივში მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა და თანაგუნდელს გაატანინა. საკმაოდ პროდუქტიული თამაშის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი 66-ე წუთზე შეცვალეს.
16 ტურის შემდეგ „ფეჰერვარი“ სატურნირო ცხრილში 29 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „ფერენცვაროშს“ 10 ქულით ჩამორჩება. საგულისხმოა, რომ „ფერენცვაროშში“ საქართველოს ნაკრების მცველი, ლაშა დვალი თამაშობს.





