ლესტერის მთავარ მწვრთნელს ბრენდან როჯერსს ტოტენჰემის ჩაბარების ინტერესი არ აქვს, ამის შესახებ Sky Sports იტყობინება.
„სპურსი“ ჩრდილოეთ ირლანდიელს ერთ-ერთ ვარიანტად იმ შემთხვევაში განიხილავდა, თუ ლაიპციგიდან იულიან ნაგელსმანის მოწვევას ვერ მოახერხებდნენ.
მას შემდეგ, რაც გერმანელი სპეციალისტი მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობას შეუთანხმდა, ტოტენჰემმა როჯერსის გუნდში მოსაზიდად მუშაობა გააძლიერა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლესტერის მთავარი მწვრთნელი ამჟამინდელი გუნდის დატოვებას არ აპირებს და მის მომავალს „მელიებში“ ოპტიმისტურად უყურებს.
ამ დროისთვის ლესტერი პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზეა, ტოტენჰემი კი მეშვიდეზე. გუნდები ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.





