ახალი სუპერ ლიგის შექმნის შემდეგ, უეფას შტაბბინაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც დელეგატებმა სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2024 წლისთვის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილება იყო, რომელსაც დელეგატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
ამრიგად, 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. კერძოდ, გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. 36 გუნდი ორად გაიყოფა და მთლიანად გაუქმდება ჯგუფური ეტაპი. აღნიშნული გუნდები ერთმანეთთან შერჩევითი პრინციპით ითამაშებენ, თითო გუნდს კი 10 თამაშის გამართვა მოუწევს. ამის შემდეგ ორივე მხარეს გამოვლინდება 8 საუკეთესო გუნდი, რომელიც ასპარეზობას ფლეი-ოფში გააგრძელებს. უეფა დეტალების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ახალი სუპერ ლიგა, რომელიც გუშინ 12 ევროპული გრანდის ინიციატივით ოფიციალურად დაფუძნდა. უეფას დღევანდელ აღმასკომზე აღნიშნულ ტურნირზეც იმსჯელეს და ამ 12 გუნდის მიმართ გარკვეული სანქციების დაკისრება იგეგმება. არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა საერთოდ შეჩერდეს, ამ გუნდებს კი უეფას და ფიფას ეგიდით გასამართ თამაშებზე დისკვალიფიკაცია მიესაჯოთ. ერთი სიტყვით, ამ დრომდე ევროპულ ფეხბურთში ვითარება საკმაოდ დაძაბულია და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაიკრვევა.





