საქართველოს ნაკრები ე.წ. რვა ერის მეოთხე ტურში ედინბურგში „მარიფილდზე“ ფიჯისთან 24:38 დამარცხდა. მატჩი ჩვენმა გუნდმა ძალიან ცუდად დაიწყო, თამაშის მეორე წუთზე ნემანი ნადოლოსგან პირველი ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს. მალევე ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, ეს უკვე გარდასახეს და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა.
მე-11 წუთზე ჩვენი გუნდის მგეზავმა თედო აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა. თუმცა პრობლემა მალევე გაგვიჩნდა, რადგან ჩვენი გუნდის ძირითადმა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და ის ახალგაზრდა გიორგი მელიქიძემ შეცვალა.
ფიჯიმ სხვაობის გაზრდა განაგრძო და კიდევ ერთი ლელოთი “დაგვაჯილდოვა”. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის ოცდამეხუთე წუთიდან ქართველმა მორაგბეებმა თამაში დაალაგეს, ეს ძირითადად ახალგაზრდა ჯალაღონიას გამორჩეული თამაში იყო განპირობებული, რადგან ის ფაქტობრივად სულ მატჩის ეპიცენრში იყო და თავი გააზრებული თამაშით დაგვამახსოვრა.
ამან შედეგი გამოიღო, ჩვენმა გუნდმა წნეხი გააძლიერა და თამაშში გვიან ჩართულმა მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 9 ქულამდე შემცირდა და პირველ ნახევარში არაფერი შეცვლილა.
მეორე ნახევარი ფიჯიმ შესანიშნავად დაიწყო, 55-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ჯოშუა ტუისოვას შესანიშნავი გარღვევა და კუნალუვას ლელო ვიხილეთ,ის ბენ ვოლავოლამ გარდასახა. 59-ე და 63-ე წუთებზე ნემანი ნადოლომ ჰეთ თრიკი შეასრულა, ფიჯელებმა კარგად გარდასახეს და საკმაოდ დიდი სხვაობა 10:38 დააფიქსირეს.
68-ე წუთზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ ბექა საღინაძემ, შესანიშნავი გარღვევით ლელოთი დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა და სხვაობა მცირედით შეამცირა.
საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც “ბორჯღალოსნების” ხანგრძლივი შეტევა საღინაძის მეორე ლელოთი დასრულდა, რომელიც აბჟანდაძემ ამჯერადაც გარდასახა (24:38).








