რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთს ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 6 ქულის სხვაობით, 19:25 გაიმარჯვა.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა სანახაობრივადაც დაიწყო. მატჩის დებიუტში ტელევიზორთან შეკრებილმა გულშემატკივარმა ორი ლელო იხილა. მე-4 წუთზე ესპანელთა ნახევარზე შექმნილი არეულობით თორნიკე ჯალაღონიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა, რასაც თედო აბჟანდაძის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოყვა.
ზუსტად ორ წუთში, ესპანელებმა საპასუხო შეტევაში ლელო დაგვიდეს და ანგარიში გაათანაბრეს.
პირველ ნახევარში ლელოები აღარ გვიხილავს, მაგრამ გუნდებმა თითო-თითო საჯარიმო გაცვალეს და საბოლოოდ ტაიმი ფრედ, 10:10 დასრულდა.
მეორე ნახევარში ესპანელები უფრო აქტიურად მოგვაწვნენ და 48-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. ჩვენები გონს მალევე მოვიდნენ და საპასუხო შეტევაში მეტოქეს ლელო დაუდეს. მერაბ შარიქაძის ბრწყინვალე სოლორეიდს ტაბუცაძის ლელო მოყვა, თუმცა თედოს გარდასახვა არაზუსტი იყო – 13:15.
62-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ საჯარიმო ზუსტად შეასრულა და „ბორჯღლოსნებმა“ 5 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 13:18.
მალევე ესპანელებმა საპასუხო საჯარიმო შეასრულეს და სხვაობა ისევ 2-ქულამდე შეამცირეს.
67-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, რომელმაც ფაქტობრივად მატჩის ბედიც გადაწყვიტა. აუტიდან ჩამოწოდებულ ბურთზე „ბორჯღალოსნებმა“ მოლი შეკრეს, რასაც საბოლოოდ ჯაბა ბრეგვაძის ლელო მოყვა. საქართველოს ნაკრები მეტოქესთან 9 ქულით დაწინაურდა – 25:16.
თუმცა, ლელოს დადებიდან ორიოდე წუთში ჩვენი გუნდი საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდა და ესპანელებმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს. შესაბამისად, ანგარიში 6-ქულამდე შემცირდა – 19:25.
დარჩენილ დროში ესპანელებს რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა, თუმცა ყველა შანსი ქართველი მორაგბეების შეცდომით მიიღეს. ამის მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა დაცვაში ბოლომდე გმირულად ითამაშეს და საბოლოოდ, ესპანეთიდან გამარჯვებულები ბრუნდებიან.
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ორიდან ორი მოგებით პირველ ადგილს იკავებს. ჩვენს გუნდს მომდევნო შეხვედრა ზუსტად 1 კვირაში, სტუმრად, რუსეთის ნაკრებთან ელის.





