მარტვილის „მერანის“ დამარცხების შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.
„ვულოცავ ყველა ქუთაისელ გულშემატკივარს, ეს ღმერთის წყალობა იყო და მადლობა ღმერთს, რომ დღეს მოვიგეთ. ეს გამარჯვება ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომელთა თავდადებაც წარმოუდგენელი იყო. მათ საკუთარი თავის რწმენა ჰქონდათ – და თუ ამასთან ერთად განწყობაც სათანადოა, ამას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ამის გამოცდილებაც მაქვს და ეს ბიჭებს გასახდელში ვუთხარი და ყველაზე კარგად ეს გაიგეს. მადლობა მათ, რომ ეს გაიგეს. შესაბამისი შედეგიც გვქონდა. რა თქმა უნდა ხარვეზები იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს მატჩი შემთხვევით არ მოგვიგია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მარტვილის „მერანი“ და მისი მწვრთნელი. მათ წარმატება მინდა ვუსურვო“, – განაცხადა ცეცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორრაუნდიან დაპირისპირებაში მარტვილელებმა პირველი მატჩი 2:0 მოიგეს, საპასუხო შეხვედრაში კი ქუთაისელებმა 3:0, ორი მატჩის ჯამში კი 3:2 გაიმარჯვეს და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.





