საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. დღეს, ქართველმა ფეხბურთელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. ვილი სანიოლის განკარგულებაში ამ ეტაპზე 24 ფეხბურთელია.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოახლოებულ მატჩებზე ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა, სერგო კუხიანიძემ ისაუბრა.
„ჩემი გამოძახება მოულოდნელი იყო, ამას არ ველოდი, მაგრამ რადგან მწვრთნელებმა შემარჩიეს მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლო. ძალიან კარგი შეკრება გამოდის, ეს სიტუაცია ჩემთვის უცნობი არაა, რადგან 21-წლამდე ნაკრებში თამაშის გამოცდილება მაქვს. ადაპტაციის პროცესი მარტივად გავიარე, ბიჭებმა კარგად მიმიღეს და ყველაფერში დამეხმარნენ“, – განაცხადა სერგო კუხიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებში 2 ივნისს რუმინეთის, 6 ივნისს კი ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.





