26 მაისს ევროპა ლიგის ფინალია, რომელიც პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება. უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს მაყურებლებიც დაესწრონ, თუმცა ბუნებრივია შეზღუდული რაოდენობით.
პოლონურმა მხარემ ანუ იქაურმა ხელისუფლებამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს დაუდასტურა, რომ თანახმაა სტადიონზე გულშემატკივრები შეუშვას, ოღონც არა მთლიანად, არამედ გარკვეული რაოდენობით.
„მასპინძლებისგან მივიღეთ ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ევროპა ლიგის ფინალზე მზად არიან მაყურებლები სტადიონის ტევადობის 25% დაუშვან, რაც ჯამში 9500 ადამიანს შეადგენს.
ფინალისტი გუნდების ქომაგები 2-2 ათას ბილეთს მიიღებენ, დანარჩენი კი ადგილობრივებზე გადანაწილდება“ – ნათქვამია უეფას განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩებში ინგლისური „არსენალი“ ესპანურ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და სტუმრად 1:2 წააგო, ხოლო იტალიური „რომა“ ოლდ ტრაფორდზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ განადგურდა – 2:6.





