ვეტერანი ბორჯღალოსანი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე მიიჩნევს, რომ ქართული რაგბის მომავლისთვის, მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და რაგბის კავშირის ნორმალურ სამუშაო გარემოს დაუბრუნდეს.
ხამაშურიძე იმ ვეტერან მორაგბეებს შორისაა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სოსო ტყემალაძის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს:
„მნიშვნელოვანია დროზე დასრულდეს საარჩევნო პროცესი, რათა ეროვნულ ნაკრებს, ასევე კლუბებს, ნორმალურად ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცეთ, ვისაც რაგბი უყვარს, ეს უნდა გაითვალისწინოს.
შესაძლოა 100%-ით ყველა საკითხში შეთანხმება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ვისაც ქართულ რაგბზე გული შეგვტკივა, ამისათვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ქართული რაგბი წინ წავიდეს. ასეთი გაურკვევლობა კარგს არაფერს მოიტანს, კარგი მენეჯერი კი ამ პროცესს სწორ მიმართულებას მისცემს“, – განაცხადა „ანტილოპამ“.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის გამგეობამ განმეორებითი სხდომა 10 მარტს ჩანიშნა. არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე მიიღებს. მანამდე, პირველი ყრილობა 24 თებერვალს ჩატარდა, თუმცა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო დელეგატებმა პრეზიდენტი ვერ აირჩიეს.
უფრო ადრე, 2020 წლის 30 დეკემბერს „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. 6 იანვარს საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამოდ ჩატარებული ყრილობა დასახელდა. ირაკლი აბუსერიძე ახალ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს.








