ეროვნული ლიგის 25-ე ტურში “დინამო ბათუმი” “თელავს” ესტუმრა და ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლით მორიგი გამარჯვება იზეიმა.
შეხვედრის მე-16 წუთზე ფლამარიონ ჯოვინო თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძესთან პირისპირ დარჩა და ვერ აჯობა, მაგრამ დამატებაზე ყველას ჯაბა ჯიღაურმა დაასწრო და მიმდინარე სეზონში მეცხრე გოლი გაიტანა.
მე-2 ტაიმში თამაშის ტემპი დაბალი იყო და გუნდებიც საგოლე მომენტების შექმნას თითქმის ვერ ახერხებდნენ. 79-ე წუთზე თელავი ძელმა ორჯერ გადაარჩინა. ჯერ ბენჟამენ ტეიდის დარტყმა მოხვდა კარის ძელს, მერე დამატებაზე ირაკლი აზაროვის და კახელები აშკარა გოლს გადაურჩნენ. მატჩის ბოლოს მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ. ზურაბ თევზაძემ თორნიკე გაფრინდაშვილის წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.
საბოლოოდ დინამო ბათუმმა ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლით გამარჯვება მოიპოვა.
“დინამო ბათუმს” 53 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.თელაველები კი 25 ქულით მე-8 ადგილზე არიან.
გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, “სამგურალს” უმასპინძლებს, “თელავი” კი საკუთარ მოედანზე გორის “დილას” დაუპირისპირდება.





