ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ დააკავეს. ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.
ბართომეუსთან ერთად, დაკავებულები არიან კლუბის ყოფილი გენერალური დირექტორი, ოსკარ გრაუ და რომანე გომეს პონტი, რომელსაც წლების განმავლობაში „ბარსელონას“ იურიდიული სამსახური ჰქონდა ჩაბარებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად კორუფცია ედებათ. კერძოდ, პართომეუს პრეზიდენტობის პერიოდში კლუბმა დაიქირავა კომპანია რომელიც „ბარსელონას“ იმიჯზე იმუშავებდა, თუმცა პირველ მარტს ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გაირკვა, რომ ეს კომპანია რამდენიმე ფეხბურთელის იმიჯზე უარყოფითად მუშაობდა, მათ შორის კი ლიონელ მესი და ხერარდ პიკეც არიან.
ხოსეპ მარია ბართომეუ კატალონიური კლუბის პრეზიდენტი 2014-დან 2020 წლის ოქტომბრამდე იკავებდა. მისი კლუბიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზად სწორედ მესისთან უთანხმოება სახელდება.
კლუბმა ახალი პრეზიდენტი 1 კვირაში, 7 მარტს უნდა აირჩიოს.





