დღის პირველ ნახევარში, ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც ახალი საფეხბურთო ლიგის შექმნას გულისხმობს.
უფრო ზუსტად, საუბარია ევროპულ სუპერ ლიგაზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ალტერნატივა იქნება. ტურნირის საორგანიზაციო მხარეში 12 ევროპული გრანდია ჩართული: მადრიდის რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, ინტერი, მილანი, იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ტოტენჰემი და მიუნხენის ბაიერნი.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კლუბები უახლოეს დღეებში აპირებენ, რომ ახალი ლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადონ, ახლა კი ერთმანეთში მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ახალი ტურნირის შექმნის მთავარი მოტივი ფინანსური მხარეა, რომლის მიხედვითაც გუნდები გაცილებით მეტ მოგებას მიიღებენ, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე. ზუსტი ფორმატი კი ჯერჯერობით უცნობია.
ბუნებრივია, ამ ფაქტმა უეფას ხელმძღვანელების გაღიზიანება გამოიწვია და დღის ბოლოს უწყებაში ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს. ამასთან, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის ამ 12 გუნდის ტურნირიდან მოკვეთის შესახებაც იმსჯელებს.
„თუ ეს ყველაფერი მოხდება, იმედს ვიტოვებთ რომ ჩვენ და ევროპული ქვეყნების ფედერაციები გავერთიანდებით და ამ ცინიკურ პროექტს შევაჩერებთ. ახლა ერთად დგომა ყველაზე მეტად გვჭირდება!“ – ნათქვამია უეფას განცხადებაში.





