საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებაზე დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა გეგმები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს გაუზიარა.
მისი თქმით, რუსი მორაგბეების მიმართ შეურაცხყოფას არავინ აპირებს და აქცია მხოლოდ უკრაინის სოლიდარობისკენ იქნება მიმართული.
„არც ერთხელ, არც ერთი ინციდენტი არ ყოფილა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ. ყოველთვის იყო შეძახილები „პუტინ ხუ*ლო“, სადაც პირდაპირ იკვეთება, რომ არა რუსი მორაგბეების წინააღმდეგ არის პროტესტი, არამედ არის პროტესტი რუსული პოლიტიკის და იმპერიული ზრახვების მიმართ. ზუსტად იგივე იგეგმება ამჯერადაც, უბრალოდ ახლა არის კონტექსტი უკრაინა და საქართველოს დროშებთან ერთად გეგმაშია უკრაინის დროშების გამოფენა და აფრიალება. არც ერთხელ, ჩვენგან არც ერთი ნასროლი კენჭიც არ ყოფილა არავის მიმართ და მით უმეტეს, არ ვაპირებთ, რომ რუს მორაგბეებს რაიმე ზიანი მივაყენოთ“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება 27 თებერვალს, „დინამო არენაზე“ 18 საათზე გაიმართება.





