კრიზისული პერიოდი უდგას „იუვენტუსს“. ტურინული კლუბი რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჩამოშორდა და ტიტულსაც ვეღარ შეინარჩუნებს „იუვენტუსის“ ქომაგები უკვე შეეგუვნენ. ის კი არა, შესაძლოა „ბებერი ქალბატონი“ სულაც ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს. მართალია, ტურინელები ჯერჯერობით მეოთხე ადგილზე არიან, თუმცა ზურგსუკან „ნაპოლის“ და „ლაციოს“ გახშირებულ სუნთქვას გრძნობენ.
სერია ა-ს მორიგ ტურში კი „იუვენტუსმა“ ტურინულ დერბიში „ტორინოს“ ვერ სძლია. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, რამაც ანდრეა პირლოს ისედაც შერყეული სავარძელი კიდევ უფრო მოაფამფალა.
„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ალბათ თანამდებობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს. პირლოს წყალი აქვს შეყენებული.
გუნდის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ყოფილ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის შეხვდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემები წერენ.
ანიელიმ ალეგრის კათოლიკური აღდგომა მიულოცა, თუმცა ვეჭვობთ მხოლოდ ამით შემოფარგლულიყვნენ. „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის კანდიდატთა სიაში ალეგრის გარდა ფიგურირებს ზინედინ ზიდანიც.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დიდია ალბათობა იმისა, რომ „იუვენტუსს“ მომავალი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.





