უკრაინული ზღაპარი დასრულდა. სიმართლე ითქვას, ანდრეი შევჩენკოს გუნდისთვის ამ ეტაპზე გასვლაც უკვე დიდი მიღწევა იყო. ითამაშო ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში პატარა ამბავი არ გახლავთ.
ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უკრაინის ნაკრები პლეიოფშიც დიდი გამართლების წყალობით მოხვდა. მათ ჯგუფში ორი მატჩი წააგეს, თუმცა იღბალმა გადმოხედა და 1/8 ფინალში თამაშის უფლება მაინც მოიპოვეს, სადაც შვედეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს სძლიეს. აი, ინგლისთან კი თავს ზემოთ ძალა აღარ იყო და 0:4 განადგურდნენ.
ცხადია, მატჩის შედეგით იმედგაცრუებული იყო ანდრეი შევჩენკო, თუმცა რეალობას თვალს უსწორებს.
„ნათლად გამოჩნდა, რომ კლასში დიდი სხვაობა იყო. ინგლისელებმა პირწმინდად დაგვჯაბნეს. ვატყობდი, რომ ბიჭებს ძლიერ მეტოქესთან გამკლავება უჭირდათ.
მართალია, საკუთარ პრინციპებს მაინც არ ვუღალატეთ და ვეცადეთ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ გამარჯვებისთვის მხოლოდ ეს არ კმარა. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უმაღლეს მწვერვალზე ასვლა ჩვენთვის ნაადრევია“ – აღნიშნა ანდრეი შევჩენკომ.





