ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ტიტული ვეღარ შეინარჩუნოს. არა, ჯერ სერია ა-ს დასრულებამდე გარკვეული დროა, თუმცა ის 3 ქულა, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა“ 21-ე ტურში დაკარგა ვინძლო ძვირად დაუჯდეს.
„იუვენტუსი“ ნეაპოლში ჩავიდა და ადგილობრივ „ნაპოლისთან“ 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან ინსინიემ გაიტანა. სწორედ ამაზე გაამახვილე ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ყურადღება მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
„მოედანს ყოველთვის გამარჯვებული ვერ დატოვებ. ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია, მაგრამ დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით, რადგან კარგად ვითამაშეთ. პენალტის ეპიზოდს და საერთოდ იმ მომენტში წესების დარღვევას საეჭვოდ შევაფასებდი.
ყველა მატჩს სხვადასხვანაირი ტაქტიკით ვუდგებით. ეს ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ არა. თამაშის ხარისხით უკმაყოფილებას ვერ გამოვთქვამ. ბუნებრივია, გამიხარდებოდა შექმნილი არაერთი საგოლე ეპიზოდიდან ერთი მაინც რომ გამოგვეყენებინა.
ჯენარო გატუზოს ვულოცავ ამ გამარჯვებას. ის ჩემი მეგობარია და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მერჩივნა ნეაპოლიდან გამარჯვებული დავბრუნებულიყავით“ – თქვა ანდრეა პირლომ.
„იუვენტუსი“ 42 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.








