დიდი ხანია „ლივერპული“ ასეთ კრიზისულ სიტიაციაში არ ყოფილა. კი, რთული პერიოდები როგორ არ ჰქონია, ბოლოს და ბოლოს, პრემიერლიგის მოგება მერსისაიდელებმა ოდენ წინა სეზონში შეძლეს, მაგრამ იურგენ კლოპის მოსვლის შემდეგ, გუნდი მუდამ პროგრესირებდა.
მიმდინარე სეზონში კი ჩავარდნა სახეზეა. „ლივერპულმა“ ენფილდზე მატჩებს ზედიზედ აგებს და სატურნირო ცხრილშიც მდგომარეობას იუარესებს. ისე, ნიშანდობლივია, რომ დეკემბერში გუნდი პირველ ადგილზე იყო და მერვე ადგილამდე ჩამოქვეითება ორ თვეზე ოდნავ მეტ დროში მოახერხა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Sun-ი „ლივერპულის“ ამჟამინდელ ვითარებას სტატიას უძღვნის და ცინიზმსაც არ ერიდება.
„ლივერპულს შეუძლია კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწეროს. აი, მაგალითად თუ მოინდომებენ და სატურნირო ცხრილში მინიმუმ მეშვიდე ადგილს მაინც დაიკავებენ, მაშინ ისინი უეფას ახალ ტურნირში კონფერენციის ლიგაში იასპარეზებენ, რომელიც წლეულს პირველად გაიმართება.
იურგენ კლოპი და მისი გუნდი იქ კი ალბათ გოლების გატანას ისევ გაიხსენებენ, რადგან ფინურ „ჰონკას“ ან „გაგრას“ დაუპირისპირდებიან, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში თამაშობს. შესაძლოა ლუქსემბურგულ გუნდსაც შეხვდნენ“ – წერს ბრიტანული გამოცემა.





