ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 24 მარტს დაიწყო. ფეხბურთის გულშემატკივარმა არაერთი საინტერესო დაპირისპირება იხილა, რომელთაგან ერთ-ერთი ბელგიის და უელსის ჯახი გახლდათ.
წყვილის ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ და მათაც მეტოქეს აუღელვებლად 3:1 მოუგეს. უელსელთა მთავარი ვარსკვლავი გარეთ ბეილი შედეგით რა თქმა უნდა უკმაყოფილო იყო და მარცხის მიზეზად დაშვებული შეცდომები დაასახელა.
„პირველი ტაიმის შუაწელამდე ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. სასიხარულო იყო სწრაფი გოლის გატანაც, მაგრამ ჩვენმა შეცდომებმა ბელგიელების მატჩში დაბრუნება განაპირობა. თავისთავად ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიხდებოდა თამაში და როდესაც ასეთი დონის გუნდთან ბევრ შეცდომას დაუშვებ, აუცილებლად დაისჯები. ასე რომ, ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ.
წაგებით იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მეორე ტაიმში გვქონდა რამდენიმე შანსი ანგარიში გაგვეთანაბრებინა. ახლა მთავარია ამ მარცხიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და მომავალ მატჩებზე ვიფიქროთ“ – აღნიშნავს გარეთ ბეილი.





