საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ფიფას ოფიციალურ გვერდთან ვრცელ ინტერვიუში, ეროვნული ნაკრების სათამაშო იდენტობის შესახებ ისაუბრა.
როგორ აღმოჩნდა მწვრთნელი სანიოლი საქართველოში?
მქონდა ნაკრებში და არა კლუბში მუშაობის სურვილი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყოფილი ფეხბურთელები ხელმძღვანელობენ, რომელთა წინააღმდეგაც არაერთხელ მითამაშია გერმანიაში. მოლაპარაკებების დაწყებისთანავე ვიგრძენი თავდაჯერებულობა და დიდი სიხარულით მივიღე ეს ამბიციური წინადადება.
კარიერა საფრანგეთის 20 და 21 წლამდე ნაკრებებში დაიწყეთ, შემდეგ იყო ბორდო და მიუნხენის ბაიერნი. რატომ არ გააგრძელეთ მწვრთნელობა საკლუბო დონეზე?
ძალიან მომწონდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობა. ეს საქმე მომწონს და ამ სფეროში დაბრუნება მსურდა. ვარ ქვეყანაში, რომელსაც განვითარების გაგრძელება სურს, მე კი შემიძლია სასარგებლო ვიყო. ჩემთვის ეს საშუალო ხანგრძლივობის პროექტია, რადგან დღევანდელ ფეხბურთში ხანგრძლივი პროექტები უბრალოდ აღარ არის… საკლუბო ფეხბურთში მწვრთნელის პოზიციის არასაიმედოობა ამ საქმეს ართულებს. კარგი პროექტები ყოველთვის საჭირო დროს არ ხორციელდება.
როგორ ხასიათზე დაგხვდათ გუნდი?
ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, როცა ვნახე, თუ როგორ დათმო საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ბოლო მატჩში, მაგრამ, ამავდროულად, ამან გვიჩვენა, რომ კვალიფიკაცია შესაძლებელია და გუნდს ამის პოტენციალი აქვს. ჩნდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათთან მუშაობა ყოველთვის სასარგებლოა.
ასე რომ, ეს პროექტი მომწონს, რადგან ის საჭირო დროს გამოჩნდა და საკმაოდ რეალისტურია. ძალიან კარგად ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას არ ვაპირებთ, მაგრამ გვაქვს კოლექტიური სურვილი, რომ პროგრესი გაგრძელდეს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კონკრეტული მიზანი დაისახეთ?
არა, კონკრეტული მიზანი არ არსებობს, რადგან ვიცით, რომ რთულ ჯგუფში ვართ, სადაც ესპანეთის და შვედეთის სახით ჩვენზე გაცილებით გამოცდილი მეტოქეები გვყავს. ასე ვიტყოდი, ჩვენი მისიაა, საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვა გუნდებს გავურთულოთ საქმე. ამისთვის გვაქვს ხარისხი და გვყავს ახალგაზრდა, ამბიციური ფეხბურთელები… ასე რომ, ლიმიტი არ უნდა დავაწესოთ! გვსურს, გვქონდეს ჩვენი სათამაშო იდენტობა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მეტოქე.
როგორ დაახასიათებდით ამ სათამაშო იდენტობას?
ეროვნული გუნდის ამოცანა, პირველ ყოვლისა, თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტირებაა. ისინი დარწმუნებულნი არიან საკუთარ ხარისხში და ეს კარგია, რადგან თამაშის დროს რისკზე წასვლის შესაძლებლობას მოგვცემს. ისეთ გუნდს, როგორიც საქართველოს ნაკრებია, რისკზე წასვლის გარეშე წარმატების შანსი არ აქვს. არ შეგვიძლია მხოლოდ დაცვაზე ფიქრი იმის იმედით, რომე მეტოქე შეცდომას დაუშვებს.
ჩემი ჩამოსვლის დღიდან, ვგრძნობ, რომ ყველას აქვს სურვილი, გადალახოს ეს ბარიერი. ქართველები ამაყები არიან, ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც ევროპაში იკვლევენ გზას და სწორედ ისინი უნდა იყვნენ ამ გუნდის ლოკომოტივი.
რა იქნება თქვენთვის დადებითი შედეგი საკვალიფიკაციო ეტაპზე?
მხოლოდ შედეგებზე თუ ვისაუბრებთ, მესამე ადგილი ცუდი არ იქნებოდა. კარგი იქნებოდა, უფრო მაღალ მიზნებზე საუბარი, მაგრამ ჯერ ადრეა, განსაკუთრების დღეს არსებული პირობების გათვალისწინებით, რაც ძალიან ართულებს გადაადგილებას. მაგრამ, ასეთ პირობებშიც კი, ღირსეულად უნდა ვიასპარეზოთ.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ვილი სანიოლი პირველ მატჩს 25 მარტს, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. სტოკჰოლმში დაგეგმილი მატჩის გარდა, მარტის სანაკრებო პაუზის ფარლგებში, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთს უმასპინძლებს და საბერძნეთს ესტუმრება.





