დღეს თემურ ქეცბაიას დაბადების დღეა, ანორთოსისის დამრიგებელი 53 წლის გახდა. მას იუბილე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის მისმა მეგობარმა და ყოფილმა თანანაკრებელმა შოთა არველაძემაც, რომელმაც ეს საკმაოდ გულთბილად გააკეთა.
„თემურ ქეცბაია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, რომელსაც თავიდანვე ეტყობოდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა – ნიჭს სპორტსმენის უდრეკი ხასიათიც უმაგრებდა ზურგს. ქეცბა ყოველ ჯერზე ისეთი თავდადებით იბრძოდა მოედანზე, გეგონებოდათ, კარიერის ბოლო მატჩს ატარებსო. ორივე ფეხით ერთნაირად, ხარისხიანად თამაშობდა. თამაშის საკუთარ თავზე აღება შეეძლო და არასდროს უთქვამს, ამ პოზიციაზე არ მსურს, ან იმ დავალებას ვერ შევასრულებო! როცა ნაკრებში მასთან ერთად პირველად ვითამაშე, დავრწმუნდი – თემურს ყველაფერი შეეძლო. მოედანზე ის ჩვენი ლიდერი იყო!“ – დაწერა შოთამ.





