უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური წინაზე გაცილებით საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგება. თუ მესამე ტურში ნულოვანი ფრეების კასკადი იყო, ამჯერად უკვე 3 მატჩში 9 გოლი გავიდა.
ძალზედ დაძაბული, საინტერესო და დრამატული გამოდგა დაპირისპირება ქუთაისში. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის კალიბრით საკმაოდ სიმპათიური და კერკეტ კაკლად შერაცხული „თელავი“ მიიღო და სულ ცოტა დააკლდა პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად.
პირველი ტაიმი თელაველებმა უკეთ ჩაატარეს და ლაშა შერგელაშვილის გოლით დაწინაურდნენ კიდეც. ნიშანდობლივია, რომ შერგელაშვილი ამპლუით მცველია, არადა მის ანგარიშზე თელაველთა რიგებში უკვე მეორე გატანილი გოლია.
მეორე ტაიმი კი ფადი ზიდანის ბენეფისად იქცა. ქუთათურთა პალესტინელმა ლეგიონერმა სტუმართა კარში ორი ერთმანეთზე ულამაზესი გოლი გაიტანა და მასპინძლებიც დააწინაურა. „ტორპედოს“ 3 ქულა თითქმის ჯიბეში ედო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე იმედა აშორდიამ ანგარიში გაათანაბრა და გუნდებიც დაზავდნენ – 2:2.





