რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში, მოსკოვის „სპარტაკი“ შინაურ კედლებში ყაზანის „რუბინთან“ 0:2 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ახალგაზრდა ქართველმა ტალანტმა მოედანზე იფრინა, მეტოქეს არაერთი თავსატეხი გაუჩინა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
„სპარტაკელთა“ ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩერვიჩენკომ პრესასთან ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.
„არ ჯობდა, იმის ნაცვლად კვინსი პრომესი როგორ დაებრუნებინათ, ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვაზე ეზრუნათ? პრომესის სპარტაკში ხელმეორედ მოსვლა პიარის ნაწილი იყო, კვარაცხელია კი კარგი შენაძენი. ვფიქრობ, ეს რომ გაეკეთებინათ, ახლა სპარტაკს თებერვალში ორი წაგების ნაცვლად, ორი მოგება ექნებოდა. გუნდს ნახევარდაცვაში ქარიზმატული, სხარტი და კრეატიული ფეხბურთელი სჭირდება. ხვიჩა კვარაცხელია კი სწორედ ასეთია“ – ამბობს სპარტაკის ყოფილი ბოსი.
„სპარტაკის“ და ისევ რუსეთში დარჩენის რა მოგახსენოთ. ქართველი ქომაგი ნამდვილად ისურვებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მომავალი სეზონიდან კარიერა რომელიმე ევროპულ გრანდში გააგრძელოს.





