საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ისრაელში დაწყებულ გრან-პრიზე მედალი უკვე გარანტირებული აქვს და იმედია ეს უმაღლესი სინჯის იქნება.
თელ-ავივში გაშლილ ტატამზე, პირველ საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ბრძოლაში 60 და 66 კილოგრამ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაერთვნენ და თემურ ნოზაძემაც (60კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ერთმანეთის მიყოლებით ბრაზილიელი, თუქრი, ბრიტანელი, ხოლო ნახევარფინალში რუსი რამაზან აბდულაევი დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანელ დავიდ მამადსოვს დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ თემურ ნოზაძეს მხარი ვერ აუბეს 66 კილოგრამში მოასპარეზე გიორგი ბაზანდარაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა, რომლებიც ტურნირს ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშნენ.
სასიხარულოა, რომ მედლისთვის იბრძოლებს ეთერ ლიპარტელიანიც, რომელსაც ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.





