საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ფრანგი სპეციალისტი ჩვენ ეროვნულ გუნდს მინიმუმ ორი წლით უხელმძღვანელებს. მისაღები შედეგის შემთხვევაში, რაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილზე გასვლას გულისხმობს, მაშინ ფეხბურთის ფედერაცის მას კონტრაქტს დამატებით კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივებს.
რა თქმა უნდა, ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით საინტერესოა საფეხბურთო სპეციალისტთა მოსაზრებები თუ რას ფიქრობენ ისინი და როგორ აფასებენ ვილი სანიოლის ჯვაროსნებში მოსვლას.
„პრაიმსპორტი“ არჩილ არველაძეს დაუკავშირდა, რომელიც სტამბოლში იმყოფება და ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა.
-ვილი სანიოლიმ ფეხბურთი მართლაც უმაღლეს დონეზე ითამაშა, მაგრამ მის სამწვრთნელო საქმიანობაზე ბევრის თქმა არ შემიძლია. დიახ, მიუნხენის „ბაიერნში“ ასისტენტად მუშაობდა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზეც ნაყოფიერი პერიოდი გაატარა, შემდეგ „ბორდოში“ ორი წლით დაჰყო.
ამ ეტაპზე მასზე ცუდს ბუნებრივია ვერ ვიტყვი და არც კრიტიკულ მოსაზრებებს გამოვთქვამ, რადგან ზოგადად მწვრთნელობის პროფესია დიდი ხნის წინ დაწყებული არ აქვს. აქედან გამომდინარე კარგი ან უარყოფითი შედეგებით ვერ შევაფასებთ და რაიმე განსაკუთრებულის თქმა ძნელია. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ვნახოთ როგორ შეეწყობა ჩვენ გუნდს.
იმ კრიტერიუმებს, რაზეც ფედერაციის ხელმძღვანელობა ლაპარაკობდა არ ვიცი ვილის კანდიდატურა რამდენად შეესაბამება და აკმაყოფილებს. ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველას გვსურს მან ისე გაწრთვნას ნაკრები და ის შედეგი აჩვენოს, რაც ყველას გაგვიხარდება. მე მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.
-აჩი, აქვე ვისარგებლებთ შემთხვევით და შოთის შესახებაც გკითხავთ. მის მომავალთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ არის?
-რამოდენიმე ქვეყნის გუნდებთან თითქმის ყოველდღიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელთაგან აზიური კლუბები აქტიურობენ, ერთი განსაკუთრებით. გასაკვირი არ არის, რომ თურქული ვარიანტები ყოველთვის დღის წესრიგში დგას.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ნიდერლანდებიდან და ინგლისიდან არის შემოთავაზებები, მაგრამ ნისლიანი ალბიონის ეს ვარიანტი ალბათ არ გამოვა, რადგან ის გუნდი დიდი ალბათობით პრემიერშიპიდან გავარდება და შოთის იქ წასვლა არ სურს.





