ქართული ფეხბურთის ოქროს ბიჭუნას და მთავარ იმედს ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი ვერ ივიწყებს. ფეხბურთის გულშემატკივარი კარგად უწყის, რომ 19 წლის ტალანტი „რუბინამდე“ მცირე ხნით მოსკოვის „ლოკომოტივში“ ირიცხებოდა, თუმცა რკინიგზელები მას კარგად ვერ გაუფრთხილდნენ და ჩვენებურმაც ყაზანის „რუბინს“ მიაშურა, რომელთანაც 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იმედია, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანში ხელშეკრულების ამოწურვამდე არ დარჩება და ევროპას მიაშურებს, მიუფრო რომ მის სახელს არაერთ გრანდს უკავშირებენ.
ამასობაში კი მოსკოვის „ლოკომოტივი“ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე თითზე კბენას განაგრძობს. გუნდის ახალი გენერალური დირექტორი ვლადიმირ ლეონჩენკო ერთ-ერთ პოპულარულ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელის ვერ შენარჩუნებას დიდ შეცდომას უწოდებს.
„ხვიჩა კვარაცხელია აუცილებლად უნდა დაგვეტოვებინა. დღეს ის ყოველმიზეზგარეშე ჩვენი გუნდის წევრი უნდა იყოს, მაგრამ გუნდმა გამოუსწორებელი და აღმაშფოთებელი შეცდომა დაუშვა.
იური სიომინს ხვიჩა ალექსეი მირაშჩუკის შემცვლელად ესახებოდა, რომელიც ატალანტაში წავიდა. ის კვარაცხელიას სწორედ ამისთვის ამზადებდა, ეს იყო სიომინის ხედვა და კარგი იქნებოდა ასეც მომხდარიყო. არ მსურს ლოკომოტივმა ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯი მომავალში კიდევ გადადგას“ – ამბობს მოსკოვის „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი ხელძღვანელი ხვიჩა კვარაცხელიაზე.





