საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელი ითამაშებს. საუბარია ამერიკელ კონერ ფრენკაპმზე, რომელიც ქართული პასპორტის აღებას და ილიას ზუროსის გუნდში თამაშს დათანხმდა.
კონერ ფრენკამპი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს უკვე ამ თვეშივე დაეხმარება, როდესაც თბილისი 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით უმასპინძლებს.
საქართველოს დედაქალაქში სერბეთის, ფინეთის და შვეიცარიის ნაკრებები შეიკრიბება. ჩვენი გუნდი 19 თებერვალს სერბეთს, ხოლო 21 რიცხვში ფინეთს დაუპირისპირდება. კალათბურთის მოყვარულთ ალბათ შეხსენება არ სჭირდება, რომ ილიას ზუროსის შეგირდები E ჯგუფს წაუგებლად ლიდერობენ.
რაც შეეხება კონერ ფრენკამპს, 25 წლის ამერიკელი კალათბურთელი ამჟამად ესპანურ „მურსიაში“ ირიცხება, კარიერა კი კანზასში დაიწყო. ამერიკელი კალათბურთელი 2018 წლიდან ევროპაში თამაშობს.





