თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანურ შეკრებაზე მეორე ტესტ-მატჩი გამართა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე რუსული „კრასნოდარი“ იყო. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და გუნდებმა ერთმანეთის კარში საერთო ჯამში 5 გოლი გაიტანეს.
ანგარიში მე-14 წუთზე ქართველი მცველების შეცდომით რუსლან კამბოლოვმა გახსნა, ზუსტად 2 წუთში კი რუსებმა „ლოკო“ კარში მეორე გოლი გაიტანეს. საპასუხო შეტევაში „ლოკომოტივმა“ ერთი ბურთი გაქვითა, „კრასნოდარის“ კარში გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა და ჩამორჩენა 1 ბურთამდე შეამცირა. 34-ე წუთზე რუსებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 1:3 მოიგეს.
სანახაობრივი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში მაყურებელმა მხოლოდ 1 გოლი იხილა, ისიც თბილისელების მხრიდან. 69-ე წუთზე „კრასნოდარის“ კარში გოლი თემურ შონიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2:3 დააფიქსირა.
„ლოკომოტივის“ რიგებში მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მცველი, გურამ კაშიაც გამოჩნდა, რომელიც ჯერჯერობით უგუნდოდაა და მოსამზადებელ პერიოდს „ლოკოში“ გადის.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართავს.





